ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "პლანეტა რიდმორის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროექტის გამარჯვებული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
ნათია გოგიჩაიშვილი გახდა, რომელმაც კონკურსის ფინალში ყველაზე მეტი - 48 ქულა მოიპოვა. გამარჯვებულს გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ მიერ დაწესებული მთავარი პრიზი - 1000 ლარი გადაეცა.
„კონკურსის ყველა ტურზე ძალიან საინტერესო ლიტერატურა და მრავალფეროვანი კითხვები იყო წარმოდგენილი, სწორედ ამიტომ, ეს პროექტი საინტერსო იყო ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის, როგორც მკითხველისთვის და როგორც უბრალოდ კონკუსრანტისთვის“,-აღნიშნა პროექტის გამარჯვებულმა
ნათია გოგიჩაიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზებით პროექტის ათივე ფინალისტი დაჯილდოვდა.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსულებელმა
დარეჯან თვალთვაძემ პროექტის გამარჯვებულს და ფინალისტებს მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
„ამ პროექტმა საშუალება მისცა ჩვენი უნივერსიტეტის ძალიან ბევრ სტუდენტს წაეკითხა ახალი და საინტერესო ლიტერატურა, გამოემჟღავნებინა თავისი ცოდნა და ინტერესი ლიტერატურაში და გარკვეული ტურების გავლის შედეგად ფინალამდე მოსულიყო“, - განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ დირექტორის
ირაკლი ბაკურიძის თქმით,
„პროექტი უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება თსუ-ს მიერ, წელს გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ პირველად ჩაერთო ამ კონკურსში, რომელიც 3 თვის განმავლობაში ძალიან წარმატებით ხორციელდებოდა და ასეთივე წარმატებით დასრულდა. კონკურსში სტუდენტების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო და მათ ჩვენი გამომცემლობის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდათ“.
შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის მაისში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები რამდენიმე დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა.
პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 5 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც პრიზებს და დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.