2016-11-21

უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისია არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს დაესწრონ 25 ნოემბერს დაგეგმილ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს და განახორციელონ მისი მონიტორინგი.

როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა განაცხადა, ,,გვინდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ არჩევნების გამჭვირვალეობაზე და მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ არჩევნების თემატიკაზე, მოვიდნენ და მთლიანად არჩევნების პროცესს დააკვირდნენ’’.  საარჩევნო კომისია თავისი ინიციატივით ოფიციალური წერილით მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს’’, ,,საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციას’’, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას’’ და სხვა ორგანიზაციებს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია,  ერთამანეთს დამოუკიდებელი კანდიდატები შეეჯიბრებიან.

25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. უნივერსიტეტის სტუდენტები პირდაპირი წესით 140 დელეგატს (თითოეული ფაკულტეტიდან 20-20 დელეგატი) აირჩევენ. ცვლილება შევიდა თვითმმართველობის წევრთა (დელეგატთა) არჩევის წესში. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაცია სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2016 წლის 14 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა სიაში 20615 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტია. ხმის მიცემა თსუ სასწავლო კორპუსებში განთავსებულ 13 საარჩევნო უბანზე იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის სარჩევნო კომისიაში 174 განაცხადია შესული.

Print

« იხ. ყველა სიახლე