ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია 2014 წელს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტმა
ლაშა მათიაშვილმა მოიპოვა. გადაწყვეტილება სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ
5 მარტს გამართულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ლაშა მათიაშვილის თქმით, ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის სტიპენდია პირველად მიიღო.
“სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, როდესაც ასეთი გამორჩეული მწერლის სახელობის სტიპენდიანტი ხდები. პასუხისმეგბლობა კი მავალდებულებს, რომ ინტელექტულური თვალსაზრისით სასტიპენდიო პერიოდი ნაყოფიერად გავატარო“ - აღნიშნავს სტიპენდიანტი.
მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობა სპონტანურად და ყოველგვარი რაციონალური განსჯის გარეშე გადაწყვიტა,
„დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის თანახმად ხომ გადაწყვეტილების მიღების წამი სიგიჟეა. ამგვარი მყისიერება კი შესაძლო ხდომილებებისა და შედეგების გაუთვალისწინებლობასა და შემთხვევითობების ერთობლიობას გულისხმობს, რომლიდანაც იქსოვება და ყალიბდება ადამიანის მომავალი”, - აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში.
ლაშა მათიაშვილმა კომისიას საკუთარი ნაშრომი
„პოსტმოდერნული კულტურის ნიშნები“ წარუდგინა. ნაშრომი ეხებოდა კულტურისა და იდენტობის მოდერნული და პოსტმოდერნული პარადიგმებისა და ვარიაციების ანალიზს. იმას, თუ დიფერენცირებულ და ფრაგმენტულ სოციალურ სივრცესა და ზოგადად სამყაროში იდენტობის კონსტრუირების როგორი პრაქტიკები არსებობს.
„პირადად ჩემთვის, საინტერესოა ნებისმიერი ტექსტი და პრობლემა, რომელიც ფიქრისთვის ახალ ჰორიზონტსა და შესაძლებლობას გახსნის. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს პლატონის „სახელმწიფო“ თუ პლატონოვის „ჩევენგური“ - აღნიშნავს იგი.
როგორც ამბობს, ოთარ ჩხეიძის შემოქმედებას ცოტა ხნის წინ, „არტისტული ყვავილებით“ გაეცნო.
„წიგნის კითხვა რთულია. საჭიროა ძალიან დიდი ნებისყოფა და შინაგანი ძალისხმევა მხატვრული თუ ფილოსოფიური ტექსტის გასაგებად. მისი სტილი, გადმოცემისა და თხრობის თავისებური ფორმა, ხშირი სასვენი ნიშნები და გამეორება, განცდის ინტესიფიკაციას იწვევს. ხოლო პერსონაჟის სუბიექტურ-ემოციური სამყაროსა და სოციალური კონტექსტის კავშირი მკითხველს რომანში აღწერილი ეპოქის თვითმხილველად აქცევს“. მომავალში აპირებს ოთარ ჩხეიძის სხვა მხატვრული თუ პუბლიცისტური ნაშრომების წაკითხვას, რაც „მისი შემოქმედებისა და ნააზრევის კომპლექსურ დანახვაში დაეხმარება“.
ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის ბოლოს დაარსდა. მისი პირველი მფლობელები 2009 წელს თსუ მაგისტრანტები ანა კოპალიანი, გიორგი კეკელიძე და ოქტაი ქაზუმოვი გახდნენ. 2010 წელს სტიპენდია ანა ბაქანიძემ მიიღო, 2011 წელს – ინა იმედაშვილმა, 2012 წელს – ქეთევან სამადაშვილმა, ხოლო 2013 წელს – ანა კონდრატენკომ.
წლევანდელ კონკურსში 14 სტუდენტი მონაწილეობდა, მათ კომისიის წევრებს აღმოსავლური და ევროპული ენებიდან თარგმნილი ნამუშევრები, აგრეთვე, სამეცნიერო ნაშრომები წარუდგინეს. ფინალურ ტურში 7 წევრისგან შემდგარმა კომისიამ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, ხელმძღვანელობით 5 მონაწილეს შორის ლაშა მათიაშვილს მიანიჭა უპირატესობა.
ოთარ ჩხეიძის სტიპენდია წელიწაში ერთხელ ენიჭება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული მიღწევებით აკადემიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ-შემოქმედებით და მთარგმნელობით სფეროში. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლიერებას გამოხატავს სტიპენდიის დამაარსებლის, ოთარ ჩხეიძის ქალიშვილის, ქალბატონ ნატო ჩხეიძის მიმართ.