2017-07-17

თსუ სტუდენტებმა ფუტსალის ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. თსუ სტუდენტები ევრო-უნივერსიადის ფინალურ მატჩში პორტუგალიური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა მინიმალური სხვაობით (5-4) დასრულდა და თსუ სტუდენტებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ფუტსალის ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი თურქეთში ჩატარდა. ჯგუფში თსუ-ს მეტოქეები იყვნენ პორტუგალიის, უნგრეთის, თურქეთისა და საფრანგეთის საუნივერსიტეტო გუნდები. ჩემპიონატის გახსნით მატჩში თსუ-მ ანგარიშით 7:2 დაამარცხა მასპინძელი თურქები, ხოლო მეორე შეხვედრაში 5:2 სძლია უნგრელების გუნდს. პორტუს უნივერსიტეტის გუნდთან თსუ-მ ანგარიში ფრედ 4:4 დაასრულა, ხოლო ბოლო ტურის მატჩში თსუ-ელებმა ფრანგებს 3:0 სძლიეს და ჯგუფიდან გამსვლელი ერთადერთი - პირველი ადგილი გაინაღდეს. ნახევარფინალურ მატჩში კი, თსუ სტუდენტებმა, პოლონეთის ჩემპიონი, ზიელონის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 5-3.

ევრო-უნივერსიადაზე ასეთი შედეგის დაფიქსირება ქართულმა გუნდმა პირველად მოახერხა. თსუ-ს ფუტსალის გუნდმა 2011 წელს, ესპანეთში გამართულ ევროპირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა.

Print

« იხ. ყველა სიახლე