2014-04-24

გერმანელმა ქართველოლოგმა საკუთარი პრემია ქართველოლოგიის განვითარებისთვის გაიღო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის პირველმა ლაურეატმა, ცნობილმა ქართველოლოგმა და ენათმეცნიერმა, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა ჰაინც ფენრიხმა მისთვის განკუთვნილი თანხა 20 ათასი ლარი ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის სასარგებლოდ გაიღო.
ქართველოლოგიის განვითარებისთვის საპრემიო თანხის გადარიცხვის შესახებ ჰაინც ფენრიხმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წერილით აცნობა. წერილში ნათქვამია: „კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ თქვენმა უნივერსიტეტმა მომანიჭა ივანე ჯავახიშვილის საერთაშორისო პრემია უცხოელ ქართველოლოგთათვის. ძალიან გთხოვთ თქვენი უნივერსიტეტის კოლეგებსა და თანამშრომლებსაც გადასცეთ ჩემი დიდი მადლობა. თქვენთან კიდევ ერთი დიდი სათხოვარიც მაქვს, ბატონო ვლადიმერ, და ძალიან გთხოვთ, ცუდად არ მიიღოთ და შემისრულოთ. ამ პრემიასთან დაკავშირებული თანხა გთხოვთ გამოიყენოთ თბილისში ქართველოლოგიის განვითარებისათვის. თქვენთან არსებობს ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია. გთხოვთ ქართველოლოგიის მომავალში განვითარების მიზნისთვის იხმაროთ ეს თანხა. ეს არის ერთ-ერთი ჩემი გულისნადები. თუ ამ თხოვნას შემისრულებთ, ძალიან დამავალებთ. ვიმედოვნებ, რომ გამიგებთ. თქვენი დახმარებისთვის წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის  მოსაპოვებლად კონკურსი 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა. პრემია ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა.
საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის გადაწყვეტილებით,  პირველი სამეცნიერო პრემია 2014 წელს პროფესორ ჰაინც ფენრიხს ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის  მიენიჭა. მეცნიერს  საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი, ივ. ჯავახიშვილის მედალი და  20 000 ლარის ოდენობით თანხა გადაეცა.     
    

Print

« იხ. ყველა სიახლე