2019-04-10

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „ლინგვინგს“ შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ქართულ პორტალ „ლინგვინგზე“ შეღავათიან ფასად შეისწავლონ უცხო ენები.  თსუ სტუდენტებისგან შემდგარმა 50 კაციანმა საპილოტე ჯგუფმა პორტალ „ლინგვინგზე“ (lingwing.com)  უკვე გაიარა უცხო ენების ერთი კურსი, მეორე კურსისთვისაც შეირჩევა 10 სტუდენტი, რომელიც, ასევე უფასოდ, შეისწავლის „ლინგვინგის“ მიერ შემოთავაზებული 6 უცხო ენიდან ნებისმიერს. ამ შესაძლებლობას სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ლინგველს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი აძლევს.   მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ქვეყანაში განათლების სფეროში ინოვაციური პროექტების განვითარებას შეუწყობენ ხელს, ასევე საჯარო ლექციების, ტრენინგების, მასტერკლასების, სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებაში მზადყოფნას გამოხატავენ. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ლინგვინგის“ დირექტორმა ვახტანგ ველიაშვილმა მოაწერეს.

 
თანამშრომლობა ორივე მხარისთვის და, განსაკუთრებით, სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნება - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით,  „ლინგვინგსა“ და თსუ-ს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ორი მიმართულებით: ერთი - სტარტაპების წახალისება, ახალი საინოვაციო პროექტების შექმნა და მეორე - უცხო ენების შესწავლის მიზნით სტუდენტების ხელის შეწყობა.“ 

„ლინგვინგის“ დირექტორი ვახტანგ ველიაშვილი თსუ სტუდენტებს ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს. „თსუ-ის ყველა სტუდენტი ძალიან დაბალ ფასად ისარგებლებს „ლინგვინგის“ პაკეტებით. ყველას ექნება წვდომა იმ ექვს ენაზე, რაც ჩვენს საიტზე არის განთავსებული. ჩვენ ასევე შევქმნით წახალისების სისტემას სტუდენტებისთვის, რაც საუკეთესო სტუდენტების გამოვლენას და სხვადასხვა  პრიზით მათ დაჯილდოებას გულისხმობს,“ - აღნიშნა ვახტანგ ველიაშვილმა. 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ საბრალოშვილმა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ აბრამაშვილმა „ლინგვინგზე“ ინგლისური ენის კურსი უკვე გაიარეს. მარიამ საბრალოშვილის თქმით, „ლინგვინგი“ უცხო ენების შესწავლისა და  გაუმჯობესების ძალიან კარგი საშუალებაა. „ქართული პორტალი სტუდენტებს უცხო ენების უფრო სწრაფად და მარტივად ათვისებაში გვეხმარება. მე ლინგვინგის საშუალებით გავიუმჯობესე ინგლისური ენის დონე და ძალიან კმაყოფილი ვარ. “ - განაცხადა სტუდენტმა. თამარ აბრამაშვილმა „ლინგვინგით“  გაიუმჯობესა ინგლისური და ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო. 

მემორანდუმის თანახმად, „ლინგვინგი“ ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებაში, ევროპული ენების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში აკრედიტებული უცხოური ორგანიზაციების და დონორების ჩართულობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტური სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობას. 

Print

« იხ. ყველა სიახლე