ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართა. ესპანური სამართლის ინსტიტუტი ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად შეიქმნა.
თსუ რექტორის, აკადემიკოს
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„დღეს გაფორმდა კონსორციუმი, რომელშიც თსუ, ესპანეთის, იტალიისა და კოლუმბიის - სულ 7 უნივერსიტეტია გაერთიანებული. კონსორციუმი სამართლის დარგში კვლევების გაფართოების და ამ კვლევებში ჩვენი უნივერსიტეტის ჩართვისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რაც ქართული სამართლის სკოლის კიდევ ერთი მიღწევაა. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.“
„დღეს თსუ-სა და ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დაფუძნდა. ესპანური სამართლის ინსტიტუტის შესაძლებლობები ძალიან ფართოა. იგი მოიცავს თანამშრომლობას როგორც აკადემიური სწავლების, ასევე კვლევის კომპონენტში, რაშიც ესპანელი პროფესორები აქტიურად იქნებიან ჩართულნი. ასევე, ხელი მოეწერა მემორანდუმს - თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს ტრანსფორმაციის კვლევის შესახებ , რომელშიც იტალიის, ესპანეთის, კოლუმბიის 6 უნივერსიტეტთან ერთად თსუ-ც მონაწილეობს,“- აღნიშნა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოან ლუის
პერეს ფრანსეჩიმ.
უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობის კონსორციუმში, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს კვლევას ითვალისწინებს, გაერთიანებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტი (იტალია), სალენტოს უნივერსიტეტი (იტალია), ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი (ესპანეთი), სევილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი), კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ბარანკიის უნივერსიტეტი (კოლუმბია).