2018-09-26
საერთაშორისო სიმპოზიუმი - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა“
სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა საბჭოთა პერიოდის მწერლობაში, სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა მოდერნისტულ მწერლობაში, "ხალხების" თვითგამორკვევის უფლება და "მრავალეროვნული ლიტერატურის" საბჭოთა იდეა, პოლიტიკური თავისუფლება, როგორც თემა ემიგრანტების მემუარულ მწერლობაში, სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა პოსტმოდერნისტულ მწერლობაში და სხვა საკითხები განიხილეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა,“ რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართული და უცხოური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, სიმპოზიუმი მეოცე საუკუნის მწერლობაში სუვერენიტეტის იდეას ეძღვნება.
„ძალიან მნიშვნელოვანი სიმპოზიუმია, სადაც მონაწილეობას 17 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები იღებენ. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით წარმატებული იქნება,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის
ირმა რატიანის ინფორმაციით, სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მეცნიერების განვითარებას.
„სიმპოზიუმი საკმაოდ მასშტაბურია. ვფიქრობ, სიმპოზიუმის განმავლობაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, მნიშვნელოვანი დიალოგი შედგება. 12 სხვადასხვა თემატური პანელი იმუშავებს და თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ირმა რატიანმა.
სიმპოზიუმში 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. მათ შორის: აშშ, კანადა, იაპონია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
ღონისძიება თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით იმართება.
« იხ. ყველა სიახლე