ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-06-08

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ–სა და ნოტარიუსთა პალატას შორის

8 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება  გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ–ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი  ხუბუამ და პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ მოაწერეს.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავენ და ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

„მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკა გაიარონ ნოტარიუსთა პალატაში. რაც უფრო მაღალი ხარისხის პრაქტიკული უნარ–ჩვევები ექნება  სტუდენტს, მით მეტია მისი მომავალი დასაქმების პერსპექტივა. ჩვენ ორიენტირებული ვართ არამარტო სტუდენტების განათლებაზე, არამედ მათ პერსპექტიულ მომავალზეც“, – აღნიშნა თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.

პირველი შეხვედრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შედგა. ნინო ხოფერია მათ სანოტარო მომსახურებაში დანერგილ და სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა.

„ნოტარიუსთა პალატის ბაზაზე შეიქმნება იურიდიული კლინიკა, რომლის ფარგლებშიც თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები პრაქტიკებს გაივლიან. ჩვენ  დაინტერესებული ვართ პროფესიონალი კადრებით და გვსურს ახალ თაობას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას პალატის  თავჯდომარემ.

 შეხვედრისას  ახალი პროექტიც დაიგეგმა, რომლის მიხედვითაც  სანოტარო სამართლის პრობლემების შემსწავლელი ერთობლივი კვლევითი ინსტიტუტი ჩამოყალიბდება. ინსტუტუტში ორივე მხარის წარმომადგენლები გაერთიანდებიან და  ნოტარიუსთა შესახებ კანონის და სანოტარო პრაქტიკის კომენტარებს შეიმუშავებენ. ერთობლივი ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც გერმანელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან,  პროექტს თვის ბოლოსთვის წარადგენს.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე