ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-14

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრების ვიზიტი თსუ-ში

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი ზლატუშკა და კომიტეტის წევრები თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი  ტომაშ პერნიცკი დაესწრო.         
„ჩვენი ვიზიტის მიზანია ვნახოთ, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები საქართველოში, განსაკუთრებით, განათლების სფეროში.  პოლიტიკური თვალსაზრისით ჩეხეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს დაახლოებას ევროპასთან. ამიტომაც ჩეხეთის მთავრობა აფინანსებს ქართველი სტუდენტების სწავლას ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამ დროისთვის სხვადასხვა სახის გრანტით დაფინანსებული ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე სწავლობს ჩეხეთში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომლითაც შეიძლება კულტურათა შორის დიალოგის წარმოება. ჩემთვის ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორი ვადით ვიყავი არჩეული მასარიკის უნივერსიტეტის რექტორად. მასარიკის უნივერსიტეტი თსუ-ს მსგავსად ყოველთვის ასრულებდა განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ცხოვრებაში. ამიტომ თსუ სტუდენტებთან შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა,“- აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ირჟი ზლატუშკამ.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის ორ უნივერსიტეტთან - მასარიკის უნივერსიტეტთან და პრაღის ჩარლზის სახელობის უნივერსიტეტთან საკამოდ მჭიდრო კონტაქტი აქვს. ამ უნივერსიტეტებთან თსუ ახორციელებს სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამებს; მათ შორის ჩეხეთის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიების საშუალებით დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს. ამ პროგრამების მეშვეობით ყოველ წელიწადს თსუ-ს რამდენიმე ათეული სტუდენტი ჩეხეთის უნივერსიტეტებში სწავლობს. დღევანდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩეხეთის მთავრობა დაინტერესებულია მსგავსი გაცვლითი პროგრამები მომავალშიც დააფინანსოს.“
შეხვედრაზე ჩეხი დეპუტატები თსუ რექტორსა და  სტუდენტებს ჩეხეთში განათლებაში, კერძოდ, უმაღლეს განათლებაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.  ჩეხი სტუმრები გაეცნენ საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, თსუ სტუდენტთა ჩართულობას ევროპულ უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით პროგრამებში. შეხვედრის ბოლოს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა უპასუხეს სტუდენტთა კითხვებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე