2013-04-18

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი თსუ-ში

18 აპრილს ტელეკომპანია "რუსთავი-2 "-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს შეხვდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები ტელეკომპანიაში სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების პირველ ეტაპზე  სტუდენტებს დამკვირვებლის სტატუსი ექნებათ. ისინი ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დაადგინონ თუ რომელი მიმართულებაა მათთვის უფრო საინტერესო. პროგრამა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული.
პროექტი სამ თვეს გასტანს და სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტუდენტებს თსუ-სა და „რუსთავი 2“-ის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემათ და ტელეკომპანიაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა მიეცემათ.
სტაჟირების პროგრამის გარდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის დაწესებას გეგმავს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის რეპორტაჟების კონკურსი ჩატარდება, საუკეთესო ავტორი სტიპენდიით დაჯილდოვდება და მისი რეპორტაჟი    „კურიერი P.S“-ში გავა.
„სტუდენტებს განსხვავებული ხედვა აქვთ. ტელევიზიას ყოველთვის სჭირდება რენოვაცია. რაც უფრო თანამდროვეა გუნდი, მით უფრო საინტერესოა ტელეკომპანიის საქმიანობა. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის დაინტერესებული ვართ ახალი სახეებით, სტუდენტები კი ამის საუკეთესო რესურსია“ ,- განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, „პროექტი არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც  სასარგებლო იქნება. სტუდენტებს განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ და იმედი მაქვს, ისინი დიდ წვლილს შეიტანენ, როგორც ტელეკომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.“
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისთვის დაესვათ შეკითხვები, როგორც სტაჟირების პროგრამის, ისე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმიანობის შესახებ.

Print

« იხ. ყველა სიახლე