2015-09-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუენტებთან

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის რექტორი გიორგი ფრანგიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, რომლის მეორე კომპაქტის ფარგლებში 2014 წლის ივლისში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის საინჟინრო და ტექნიკური დარგების განვითრების მნიშვნელობაზე.
„სან დიეგოს უნივერსიტეტი არის პირველი ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც ამერიკული სტანდარტის და ხარისხის განათლებას შემოიტანს, ამერიკულ განათლებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს. სასიამოვნოა, რომ ჩვენს ახალგაზრდებში ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია საინჟინრო და ტექნოლოგიური სპეციალობები. ეს საკმაოდ ჯანსაღი ტენდენციაა. მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტებმა სწორედ ეს სპეციალობები აირჩიეს. ყველაზე დიდი დახმარება, რაც შეიძლება მეგობარ ქვეყანას გაუწიო არის კონტრიბუცია განათლებაში. დიდი მადლობა ამისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამ პროგრამაზე ჩარიცხულ ახალგაზრდებს ჩვენი მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ. საბოლოო ჯამში, თქვენი ცოდნა უნდა მოახმაროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ კორტნი ოსტრიანმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ ახალგაზრდობა ნებისმიერი ქვეყნის მნიშვნელოვანი რესურსია. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა ნათლად წარმოაჩენს, თუ რამხელა ძალა აქვს ორი ქვეყნის ახალგაზრდების თანამშრომლობას. ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას, რომელიც მათ დასაქმების უპირველეს ლიდერებად აქცევს. მათი განათლება საქართველოს ხელს შეუწყობს რეგიონში ლიდერის როლის განმტკიცებაში.“
„მადლობას ვუხდი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს ამ პრეცედენტისთვის, რომ მოგვცა საშუალება თქვენნარი ნიჭიერი ახალაზრდებისთვის მიგვეცა ამერიკული განათლება საქართველოში. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ თქვენს შემდგომ განათლებას“-განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას თქმით, „დაიწყო ახალი პროგრამა, ეს არის საინჟინრო სკოლა, რომლის პარტნიორი ქსაქართველოს სამ უნივერსიტეტთან ერთად არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-ში 55 ახალგაზრდა ისწავლის. ესენი არიან მომავალი ინჟინერები, რომელთაც გარდა ჩვენი უნივერსიტეტების შესაბამისი დიპლომებისა, ექნებათ ამერიკული დიპლომები, რაც, რა თქმა უნდა,  არის პერსპექტიული, მაგრამ ძალიან რთული“.
დიდი მხარდაჭერა გვქონდა პარტნიორი უნივერსიტეტებისგან ამ პროგრამის განხორციელებაში. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენი მიზნების განხორციელებაში, რადგან დადგება დღე, როცა ეს მიზნები დაგჭირდებათ“,- აღნიშნა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბაკალავრო პროგრამის დეკანმა კენ ვოლშმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე