2017-11-02
შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის შვილთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის შვილთან ნათელა ნიკოლაძე-ვილკურთან გაიმართა შეხვედრა თსუ ემიგრაციის მუზეუმში. შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე
მიხეილ ჩხენკელი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გამოიფინა ნათელა ნიკოლაძე-ვილკურის მიერ ჩამოტანილი საოჯახო ფოტოალბომები, ასევე დავით და ვახტანგ ღამბაშიძეების სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნი, რომელსაც ქართული ემიგრაციის მუზეუმის მენეჯერის,
რუსუდან კობახიძის თქმით, ქართული ემიგრაციის მუზეუმის განცხადების საფუძველზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი. წიგნში დაცულია ისეთი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები, როგორებიც არიან: მიხაკო წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, რეზო გაბაშვილი და სხვ.
ნათელა ნიკოლაძე-ვილკური თვლის, რომ საქართველოში დაბრუნებით და უნიკალური მასალების არქივისთვის გადაცემით, მისი ოჯახის ოცნება გარკვეულწილად აასრულა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უფლება მისცა გამოსცეს სანატორიუმ ცემის „შთაბეჭდილებათა წიგნი“ და იმედოვნებს, რომ წიგნი თსუ-ს საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნაში თავის წვლილს შეიტანს.
ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი ნათელა ნიკოლაძე-ვილკური ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ღამბაშიძის შვილიშვილი და ტიფლისის უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის შვილია. ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან - მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე იყო 1918 წელს დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთრი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე მიწვეული იყო ინგლისური ენის ლექტორად.
« იხ. ყველა სიახლე