2016-06-20
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და
კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი, თსუ რექტორის მოვალობის
შემსრულებელი
დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
თავმჯდომარე
ზაზა ხატიაშვილი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის
ხელმძღვანელი
კრისტიან ურსე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი
ხელმძღვანელი საქართველოში
შომბი შარპი, ევროკავშირის წარმომადგენლობის
პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე
შტეფენ შთორქი, თსუ იურიდიული
ფაკულტეტის დეკანი
ირაკლი ბურდული, ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა
ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა
კონფერენციას ადვოკატირების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უწოდა, როგორც
საქართველოსთვის, ასევე მონაწილე ქვეყნებისთვის.
„საქართველოში ადვოკატის
პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია და ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. როცა
ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მომავალზე, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე
დემოკრატიული ქვეყნისა, რომელშიც ადვოკატები თავისი პროფესიული
საქმიანობით, მაღალი ინტელექტითა და მორალური სტანდარტებით არიან
შემქმნელები და განმამტკიცებლები დემოკრატიული მმართველობისა და
დემოკრატიული თანაცხოვრების,“- აღნიშნა
გიორგი მარგველაშვილმა.
კონფერენციის
მონაწილეებმა ისაუბრეს ადვოკატების საერთო გამოწვევებზე და მიმოიხილეს
ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში.
კონფერენციის დასასრულს შედგა ადვოკატთა მიერ შემუშავებული ერთობლივი
დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, როგორც
რეკომენდაციების კრებული ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებებისათვის.
ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი
გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა
მონაწილე ქვეყნებში.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს
ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის
საბჭოსთან (CCBE) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
« იხ. ყველა სიახლე