ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნენსი მარლინმა წაიკითხა საჯარო ლექცია:
„საკვების არჩევანის ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე“. დოქტორმა ნენსი მარლინმა ისაუბრა გლობალური დათბობის საკითხებზე და როგორ შეუძლიათ ცალკეულ ადამიანებს, საკუთარი საკვების არჩევანით შეამცირონ კლიმატის ცვლილება.
საჯარო ლექციას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ელიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი კენ ვოლში, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
„დღეს აქ ვიმყოფები იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს საქართველოში. საჯარო ლექციაზე ვისაუბრებ თუ რა გავლენას ახდენს საკვების არჩევანი კლიმატის ცვლილებაზე, მინდა ეს ინფორმაცია გადავცე ხალხს. აღსანიშნავია, რომ ჩემი ვიზიტი ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა, ვინაიდან ჩვენ ველოდებით სტუდენტების პირველ ნაკადს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ და ბევრ სხვა საკითხს. ეს ლექცია არის ამ პროექტის მხოლოდ ნაწილი“,- განაცხადა დოქტორმა
ნენსი მარლინმა.
როგორც თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა
მერაბ ელიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა უკავშირდება ათასწლეულის გამოწვევის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული სასწავლო სტანდარტების დანერგვას საქართველოში საინჟინრო ტექნოლოგოური მიმართულებით. მისი თქმით, პროექტში მონაწილეობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და დღეს თსუ-ში სწორედ ამ უნივერსიტეტის პრორექტორი ნენსი მარლინი და პროექტის სხვა წევრები იმყოფებიან სტუმრად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის
გიორგი შარვაშიძის თქმით,
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეცნიერების და იმ კვლევების პოპულარიზაციას, რომელიც მიმდინარეობს სან დიეგოში და ასევე თბილისში. დღეს ქალბატონი ნენსი მარლინი წარმოადგენს თავის მოხსენებას. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ლექცია იქნება და ბევრი აბიტურიენტი გაიგებს იმის შესახებ, რომ საქართველოში გაჩნდა ადგილი, სადაც შეიძლება მაღალი ხარისხის განათლების მიღება“.
„პროფესორი ნენსი მარლინი გახლავთ სან დიეგოს უნივერსიტეტის წამომადგენელი, რომელმაც ხელი მოაწერა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქრთველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროექტის მიზანია საქართველოში ამერიკული განათლების შემოტანა, ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განათლების სექტორში“,- განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა
მაგდა მაღრაძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, 2015 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.
პროექტის ფარგლებში მოხდება პარტნიორი უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ლაბორატორიების და სხვა ინფრასტრუქტურის გარემონტება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. აღნიშნული სასწავლო პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.