2010-06-16

პაოლო დელ ბიანკოს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

16 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დელეგაცია ეწვია. ფონდის პრეზიდენტს პაოლო დელ ბიანკოს ქართული მეცნიერებისა და კულტურის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

„იტალიასა და საქართველოს კულტურული ურთიერთობის დიდი ტრადიცია აქვთ. მოხარული ვარ, რომ რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი ქართველი ახალგაზრდების განათლებაშიც დიდ წვლილს იღებს. დღეს პროფესორ დელ ბიანკოს, რომელიც 1996 წლის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა, მადლიერების ნიშნად საპატიო დოქტორის წოდება მივანიჭეთ“, – განაცხადა თსუ–ს რექტორმა. 

იტალიელმა პროფესორმა ღონისძიებაზე საერთაშორისო პროექტი „ტურიზმს მიღმა“ წარმოადგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში და სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობა. ქართველი სტუდენტობა აქტიურად არის ჩართული პროექტში „ტურიზმს მიღმა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანია ინტერკულტურული კავშირების დამყარება და ურთიერთხედვის გაზიარება სამომავლო კავშირების გაღრმავების მიზნით, ეს ჩვენი ფონდის მიზანიცაა“, – აღნიშნა პროფესორმა დელ ბიანკომ.

საპატიო დოქტორის მინიჭების ცერემონიას იტალიის ელჩი საქართველოში  ვიტორიო სანდალიც დაესწრო.

„ქართული კულტურა იშვიათი და ძვირფასია, ფონდი ახორციელებს ყველაზე მთავარს, ამ კულტურას აცნობს მსოფლიოს და აახლოებს მას ევროპას“, – აღნიშნა ელჩმა შეხვედრაზე.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე