2010-04-23

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის იუბილე აღნიშნეს

23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლის იუბილე აღნიშნა. უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონია გაიმართა.
თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის აღდგენასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. საპატიო ჯილდოს სამეცნიერო მიღწევებისთვის გამოჩენილ პროფესორებს 15 წლის შემდეგ ისევ გადასცემენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღდგენილი პრემიის პირველ ლაურეატს 2010 წლის შემოდგომაზე გამოავლენს.
„ივანე ჯავახიშვილმა ეროვნული სტილის უნივერსიტეტი დააარსა. სწორედ ამ კედლებში აღზრდილმა საზოგადო მოღვაწეებმა შეინარჩუნეს და ჩვენამდე მოიტანეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა. პრემიის აღდგენით ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დიდ ქართველ მოღვაწეს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ჯილდოსთვის ყველაზე ღირსეულ კანდიდატებს შევარჩევთ“, – აღნიშნა გიორგი ხუბუამ.
დამაარსებლის იუბილეს სახელმწიფო უნივერსიტეტის უხუცესი პროფესორებიც დაესწრნენ. „ივანე ჯავახიშვილი მეოცე საუკუნის უდიდესი მოღვაწეა.  მან პირველმა დაიწყო ბრძოლა უნივერსიტეტის დაარსებისათვის და დღეს ჩვენ პირველი ქართული ცოდნის ტაძარი მისი წყალობით გვაქვს,“ – განაცხადა პროფესორმა მარიკა ლორთქიფანიძემ.
იუბილის ფარგლებში და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. უნივერსიტეტის II კორპუსის ფოიეში ივანე ჯავახიშვილის და უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. თსუ-ს ბიბლიოთეკამ კი იუბილეს პირველი ნაბეჭდი წიგნების გამოფენა მიუძღვნა. უნივერსიტეტში 1629 წლის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი და ვახტანგ VI სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური გამოცემები წარმოადგინეს.   გამოფენაზე პირველად ქვათახევის მონასტრიდან, ბერ–მონაზონის ნიკონის პირადი ბიბლიოთეკიდან ორი ნიმუში იქნა გამოფენილი. იშვიათი ნიმუშის ენციკლოპედია და გეოგრაფიული აღწერა 1921–1923 წლებით თარიღდება.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე