ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-12-14

ფოტოგამოფენა “საქართველო ISAF”-ში

ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ფოტოგამოფენა “საქართ ველო ISAF”-ში. გამოფენა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დაათვალიერეს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაღებულ ფოტოებზე ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაა ასახული.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მსგავს შეხვედრებს უნივერსიტეტში უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს. “გარდა იმისა, რომ ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოპულარიზაცია, ასევე ახსნა ახალგაზრდა თაობისთვის, რამდენად დიდი მნშვნელობა აქვს  ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში, რამდენად ძლიერდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და რა წვლილი შეგვაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში.“
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, საზოგადოებას რეალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ISAF-ის ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილის  შესახებ.  „გამოფენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გავაცნოთ საზოგადოებას რას აკეთებენ ჩვენი  ბიჭები ავღანეთში, რამდენად დიდ სამუშაოს ასრულებენ  გლობალური უსაფრთხოებისთვის. კარგია, რომ ეს გამოფენა სწორედ უნივერსიტეტში ტარდება“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, “ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობამ  იცოდეს, რამდენად დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობით. ეს ვაჟკაცები ჭედავენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, მომავალი თაობების ხვალინდელ დღეს. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან ქვეყანას და უნდა აღინიშნოს, რომ მათი საბრძოლო გამოცდილება აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.“
გამოფენის შემდეგ მინისტრებმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში  საქართველოს ინტეგრაციაზე და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და    სტუდენტების   შეკითხვებს უპასუხეს.
ფოტოგამოფენა “საქართველო ISAF”-ში პირველად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიხსნა. შემდეგ მან ალიანსის წევრი სხვა ქვეყნების დედაქალაქებიც მოიარა. მათ შორის - პრაღა, ტალინი, ბერლინი, ათენი, რომი, ლონდონი, რიგა, ამსტერდამი, ვარშავა, ბრატისლავა, ლისაბონი,მადრიდი და ვაშინგტონი. გამოფენა საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც მოეწყო. ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები ბათუმში, მესტიაში, უშგულში, ზუგდიდში და თბილისში გამოიფინა.

Print

« იხ. ყველა სიახლე