2016-12-23

ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო პოეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. პოეზიის საღამოზე ტარიელ ხარხელაურის ცნობილი ლექსები უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ცნობილმა პოეტებმაც წაიკითხეს. ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩემი ასაკის კაცს საკმაოდ ბევრი, როგორც ლამაზი, ისე ტკივილიანი დღე ჰქონია. მაგრამ უნივერსიტეტში ჩემი ყოველი შემოსვლისას თავს განსაკუთრებულად ბედნიერად ვგრძნობ. აქ ისე ვარ, როგორც სალოცავ ტაძარში. ჩემთვის დღევანდელი დღე კიდევ ერთი გამორჩეულ დღეთაგანია, რომელიც უნივერსიტეტში გამიტარებია, თუკი რამე კარგი მახსოვს ყველაფერი ამ უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული,’’ - აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

ღონისძიება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა. თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბევრი ლამაზი პოეზიის საღამო გამართულა. ,,დღევანდელი საღამო ერთ-ერთი გამორჩეულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბატონი ტარიელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, აქედან გამომდინარე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეს დღე,“- განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

ტარიელ ხარხელაურის პოეზიასთან ერთად დამსწრე საზოგადოებამ, ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული, პოეტის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები მოისმინა. ღონისძიების დასასრულს თსუ რექტორის მოადგილემ პოეტს საჩუქრები გადასცა.

Print

« იხ. ყველა სიახლე