2019-04-01
სეზონური სკოლა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სეზონური სკოლა, რომელიც „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ფარგლებში იმართება.
„ბიოტექნოლოგიების მიმართულებით სეზონური სკოლა უკვე მეორედ ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი მკვლევარია ჩამოსული მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც წამყვან კვლევით ორგანიზაციებში მუშაობენ. უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად, წარმოადგენენ ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სეზონური სკოლის გახსნაზე.
თსუ საბაკალავრო პროგრამის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ ხელმძღვანელის ნინო ინასარიძის თქმით, „სკოლა-კონფერენცია ბიოტექნოლოგიებში ძირითადად გათვლილია მომავალ მეცნიერებზე - მაღალი კურსის სტუდენტებზე, მაგისტრანტებზე და დოქტორანტებზე. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგები გააკეთებენ მოხსენებებს. ახალი ცოდნის მიღება ძალიან საინტერესოა; ეს არის ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერება, რომელიც ყოველდღიურად ძალიან სწრაფად ვითარდება.“
სეზონურ სკოლაში მონაწილეობენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები. მათ შორის: პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), პასტერის ინსტიტუტი (საფრანგეთი), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ); ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), სალონიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია), სენტ იშვანტის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ართვინის უნივერსიტეტი (თურქეთი), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი/NCDC, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; გ.ელიავას სახელობის. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა. აგრეთვე, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები. სეზონური სკოლა, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება, თსუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების გახსნითი ლექცია „ვირუსების როლი ბიოსფეროში და მათი ბიოტექნოლოგიური პოტენციალი“ წაიკითხა პარიზის პასტერის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა დავით ფრანგიშვილმა, რომელიც მსმენელებს ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ესაუბრა.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას. სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებს.
ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.
« იხ. ყველა სიახლე