ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომპანიებმა ბაზარზე არსებული რეალური ვაკანსიები შესთავაზეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორუმში 50-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის: თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა, იუსტიციის სახლი, „ნიკორა“, „დომინო“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „გუდვილი“, „კარფური“, „Paul“, „Palais de the”, „Yves rocher”, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, BDO, „ვენდისი“, „დანკინი“, „პსპ დაზღვევა“ და სხვ.
„დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი კომპანიები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ნებისმიერი მიმართულებით სთავაზობენ სტაჟირებებს, ვაკანსიებს და კარიერული განვითარების კუთხით ბევრ საინტერესო ინფორმაციას,“ - განაცხადა თსუ კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა
გიორგი გრიგოლაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ვაკანსიების გაცნობის შემდეგ, დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ სპეციალისტების ლექციები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე მოისმინეს.
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასაქმების ფორუმი სასარგებლოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის. „სტუდენტები უშუალოდ შეძლებენ კომპანიებთან გასაუბრებას, გაიგებენ მათი მოთხოვნების შესახებ. საბოლოო ჯამში კი, იმედი გვაქვს, დასაქმდებიან. რაც შეეხება დამსაქმებლებს, მათ ნამდვილად სჭირდებათ ახალგაზრდა, ჭკვიანი თანამშრომლები,“ -
აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დავით ბაბალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი თქმით, სტუდენტებისთვის დასაქმება ძალიან რთულია, დასაქმების ფორუმი კი ამის ძალიან კარგ შანსს იძლევა. „ძალიან მომწონს დღევანდელი ფორუმი, რადგან ეს სტუდენტებს დასაქმების საშუალებას აძლევს. მსგავსი ფორუმები ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა სტუდენტებს თავის გამოვლენის შანსი მიეცეთ,“ - აღნიშნავს სტუდენტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა დასაქმების ფორუმს ყოველწლიურად ატარებს, რაც სტუდენტებს კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.