2010-05-07

სამეცნიერო კონფერენცია – „ტოლერანტობა – თანამშრომლობის წინაპირობა“

7 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ტოლერანტობა – თანამშრომლობის წინაპირობა“ ჩატარდა. კონფერენციის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და არსებული სამეცნიერო კავშირების განმტკიცება. კონფერენციაში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის, სომხეთის საელჩოს და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
თსუ–ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დიდია ევროპის მოლოდინი კავკასიის რეგიონში, ამიტომ საქართველომ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნდა გააქტიუროს და განავითაროს ურთიერთობები.
შეხვედრაზე მოწვეულმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სომხურ მხარეს ახალ გაცვლით პროგრამაში ჩართვა შესთავაზა. კერძოდ, სომეხ სტუდენტებს საქართველოში ზაფხულის ბანაკებში ჩამოსვლა და სპეცპროგრამით ინგლისური ენის შესწავლა შესთავაზა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა კი, კავკასიაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. „საქართველოში ტოლერანტობა ცხოვრების წესია. ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის წყარო იყო ყოველთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
„მსოფლიოში  ტოლერანტობის დეფიციტია. საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები არსებობს, ჩვენ შეგვიძლია მაგალითი მივცეთ მსოფლიოს და ვაჩვენოთ მათ ჰარმონიული თანამშრომლობისა და ურთიერთობის პრეცედენტი“, – აღნიშნა შეხვედრაზე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა არამ სიმონიანმა.
კონფერენციაზე სიტყვით ევროკავშირის წარმომადგენლები, სომხეთის ელჩი საქართველოში, აგრეთვე თსუ–სა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები გამოვიდნენ.  
  კონფერენციაზე საუბარი შეეხო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას "ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც თსუ-ში 2004 წლიდან წარმატებულად ხორციელდება. სამაგისტრო პროგრამაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები მონაწილეობენ.
ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია საფუძველს დაუდებს თსუ-ის მონაწილეობით შემოდგომაზე მსგავსი სახის კონფერენციების ციკლის გამართვას სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გააქტიურებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
Print

« იხ. ყველა სიახლე