2014-05-22
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის
![](/data/image_db_innova/PR/margvelashvili-in-tsu.jpg)
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობის სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისკენ. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთობლივი ძალებით განახორციელებენ სასტიპენდიო პროგრამებს, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტებს და სხვა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ აცნობა. ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიას მიიღებს სწავლასა და სამეცნიერო კვლევებში წარმატებული სამივე საფეხურის თითო სტუდენტი. პირველი სტიპენდია მიმდინარე სასწავლო წელს გაიცემა.
![](/data/image_db_innova/PR/margvelashvili-in-tsu2.jpg)
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ხელმოწერილ მემორანდუმზე. რექტორის განცხადებით, „თსუ-სა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, რათა დაეუფლონ ახალ უნარებს, განვითარდნენ პროფესიული კუთხით.“
« იხ. ყველა სიახლე