ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ”კარგი მმართველობა” (“Good Governance”).
ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სხვა სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თსუ რექტორ
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრდეს ხელისუფლების კარგი მმართველობა - გამჭვირვალე, რომელიც იქნება ხალხზე ორიენტირებული. მსგავსი საზაფხულო სკოლა აკადემიური სკოლების მნიშვნელოვანი დანამატია, რომელიც საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს მსოფლმხედველობას უფართოებს.“
„ამ მიმართულების პროექტის ორგანიზებით დიდი და კარგი საქმე გაკეთდა. მით უფრო, რომ საქართველოს სწორედ ახლა სჭირდება კარგი მმართველობა. ზაფხულის სკოლები ზამთრის სკოლებთან ერთად, ხელს უწყობს ახალგაზრდობის განათლებას, სამოქალაქო პროცესებში ჩართვას,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
გიორგი შარვაშიძემ.
„როგორც თსუ პროფესორი და თბილისის მერი ნათლად ვხედავ მსგავსი სკოლების საჭიროებას და აუცილებლობას. საზაფხულო სკოლის მსმენელები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას მმართველობის თანამედროვე მეთოდებზე; შეიძენენ მეტ გამოცდილებას, საჭირო უნარ-ჩვევებს, რომელთაც პრაქტიკაში გამოიყენებენ,“ - განაცხადა თბილისის მერმა
დავით ნარმანიამ.
ღონისძიება ხუთდღიანია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტის (ესტონეთი), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (საქართველო) თანაორგანიზებით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
საზაფხულო სკოლის მუშაობაში ქართველი და უცხოელი პროფესორები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან.
პროექტში 40 სტუდენტი მონაწილეობს. საზაფხულო სკოლის კურსს მოისმენენ როგორც ადგილობრივი (მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები), ასევე უცხოელი სტუდენტები.