ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიაციისა და არბიტრაჟის მიმართულების მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები შეიკრიბნენ.
28 ოქტომბერს თსუ-ში ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონფერენცია
„მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების ტენდენციები“ გაიხსნა.
თსუ რექტორის, აკადემიკოს
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„თსუ-ში თავი მოიყარეს საკმაოდ ცნობილმა საერთაშორისო დონის იურისტებმა, რომლებიც განიხილავენ საკითხს მედიაციასა და არბიტრაჟთან დაკავშირებით. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ამ ფაკულტეტზე ჩამოყალიბებული ტრადიცია დღესაც გრძელდება: თსუ-ში საერთაშორისო დონის კონფერენციები ეწყობა, რაც მხარდასაჭერიო და მისასალმებელია.“
„დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მედიაციის პროექტის საბოლოოდ განხორციელებისათვის. ჩვენ ახლა ამ პროექტის ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებით და ძალიან მალე უნდა დავიწყოთ უკვე კონკრეტული საქმეების განხილვა მედიატორების საშუალებით. ეს კონფერენცია შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ საბოლოოდ მოვისმინოთ რა ეტაპზე ვართ, რამდენად კარგად მივედით იმ ეტაპამდე, როცა საქმეები გადაეცემა სასამართლოდან მედიატორებს და უკვე ისინი მოაგვარებენ დავებს,“-აღნიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ
კონსტანტინე კუბლაშვილმა.
„მედიაცია ეს არის დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მხარეს საშუალება აქვს თავი აარიდოს სასამართლოში დავას და შესაბამისად, მესამე მხარის მეშვეობით ხდება კონფლიქტის მოგვარება . მედიატორი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი , ეს არის მესამე პირი, რომელიც მხარეებს ეხმარება თავად მივიდნენ გარკვეულ შეთანხმებამდე და გადაწყვეტილებამდე. მედიაციაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის, რომ დავის მოგვარების პროცესი გადადის მესამე პირზე ოფიციალური ორგანოს ნაცვლად,“- განაცხადა პირველი სამედიაციო სკოლის დამფუძნებელმა ისრაელში, სამართლის პროფესორმა
მაიკლ ცურიმ.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი (NCADR), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.
ინგლისურენოვან საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები: სტეისი ბარნსი (აშშ), მაიკლ ცური (ისრაელი), კატარინა კრეზალი (სლოვენია), ალეს ზალარი (სლოვენია), იასუჰეი ტანიგუჩი (იაპონია), იოშიჰისა ჰეიაკავა (იაპონია), ინგა კაჩევსკა (ლატვია), სოფიო ტყემალაძე (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი/მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი), გიორგი ცერცვაძე (თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი), ლაშა ნოდია (საქართველოს არბიტრთა ასოციაცია), ანი სუბელიანი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო).
კონფერენცია 29 ოქტომბერს დაიხურება.