2018-09-10

მსოფლიო ფორუმი - „პოლიშარ 26“ მოწინავე მასალებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო 26-ე  ფორუმი - "PolyChar 26" მოწინავე მასალებში გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მეცნიერი და პროფესიონალი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მექანიკის, სამედიცინო და საინჟინრო დარგებიდან.

თსუ რექტორის მოადგილის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, „კონფერენციის პროგრამა ძალიან საინტერესოა. ჩამოსულია ბევრი სტუმარი ევროპიდან, აშშ-დან, ლათინური ამერიკიდან, აზიის ქვეყნებიდან.  ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, გაეცნონ იმ წარმატებებს, რომელიც ამჟამად თვალშისაცემია პოლიმერების შესწავლის კუთხით. გარდა ამისა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც დამატებით კარგი საშუალებაა იდეების ურთიერთგაცვლისა, ერთობლივი პროექტების წამოწყებისა.“

ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები მსოფლიოს ლიდერი უნივერსიტეტების გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად, გაეცნონ მათ სამეცნიერო მიღწევებს, დაესწრონ მათ ლექციებს, შეხვდნენ დარგის ცნობილ  სპეციალისტებს. ახალგაზრდა მკვლევართათვის ჩატარდება ლექციების მცირე კურსი პოლიმერების და მოწინავე მასალების კვლევაში.

საქართველოში საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს მსოფლიო სამეცნიერო ფორუმის - "პოლიშარის" სამეცნიერო კომიტეტის წევრი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქიმიის დეპარტამენტის, მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი ომარ მუკბანიანი. მისი თქმით, „კონფერენციაზე  წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო სიახლეები. ასევე,  მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი მეცნიერები სტუდენტებს წაუკითხავენ ლექციებს.  სიმპოზიუმში მონაწილეობს  50 მეცნიერი ხვადასხვა ქვეყნებიდან. აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან ის მიმდინარეობს უნივერსიტეტის საიუბილეო წელს და მას ესწრება  „პოლიშარის“, როგორც იდეის  პრეზიდენტი ჩრდლოეთ ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორი, ვიტოლდ ბროსტოუ, რომელიც თსუ საპატიო დოქტორია.“

ახალგაზრდა მეცნიერების და სტუდენტების საუკეთესო მოხსენებები და პოსტერები ფორუმის სამეცნიერო კომიტეტის საპრიზო კომისიის მიერ დაჯილდოვდება პრიზებით და  საპატიო დიპლომით. ფორუმი 13 სექტემბრამდე გასტანს. ფორუმის მასალები/სტატიები დაიბეჭდება საერთაშორისო  მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში.

ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი - "Polychar" პირველად 1992 წელს ჩატარდა დენტონში, ტეხასის შტატში, აშშ. მას მერე ფორუმი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო: პორტუგალია Guimaraes, Portugal (2004), სინგაპური Singapore (2005), იაპონია Nara, Japan (2006), ბრაზილია Buzios, Brazil (2007), ინდოეთი Lucknow, India (2008), საფრანგეთი Rouen, France (2009), გერმანია Siegen, Germany (2010), ნეპალი Kathmandu, Nepal (2011), ხორვატია Dubrovnik, Croatia (2012), კორეა Gwangju, South Korea (2013), სამხრეთ აფრიკა Stellenbosch, South Africa (2014), and აშშ ნებრასკა Lincoln, Nebraska, USA (2015), პოლონეთი 2016, მალაიზია, კუალა ლუმპური-2017. 






Print

« იხ. ყველა სიახლე