ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-03-02

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით       დოკუმენტური ფილმის  ჩვენება გაიმართა.
       90 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “მომღერალი რევოლუცია” (The Singing Revolution) ესტონეთის გამანთავისუფლებელი მოძრაობისა და დამოუკიდებელობისათვის ბრძოლაზე მოგვითხრობს. რეჟისორი მორინ ტასტი დოკუმენტური მასალის გამოყენებით მეორე მსოფლიო ომის პერიოდს და საბჭოთა ჯარის მიერ ესტონეთის ოკუპაციას აღწერს. “მომღერალი რევოლუციის” შედეგად 1991 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.
       სიმღერის დღესასწაული, რომელიც ტალინში ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება, სათავეს ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან იღებს. მეორე მსოფლიო ომის დროს სიმღერის დღესასწაული შეწყდა და მხოლოდ 1950 წელს განახლდა. სწორედ სიმღერების დღესასწაულის საფუძველზე ესტონეთში “მომღერალი რევოლუცია” მომწიფდა. 1988 წლის სექტემბერში  ტალინში გამართულ ღონისძიებაზე - “ესტონეთის სიმღერა” ასობით ათასი ესტონელი სიმღერის მოედანზე გამოვიდა და პოლიტიკური ნება სიმღერით გამოხატა.
       “მომღერალი რევოლუცია” – ეს არის მშვიდობიანი აქციების სერია, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში 1987-1991 წლებში იმართებოდა. რევოლუციის მთავარი მიზანი სამი სახელმწიფოს - ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის სუვერენიტეტის მოპოვება იყო.
      დამოუკიდებლობის მანიფესტის გამოცემის შემდეგ ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე 1991 წლის 20 აგვისტოდან აღინიშნება.
       ღონისძიების ორგანიზატორები  თსუ-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა დროს ესტონეთის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. ესტონეთის უმაღლესი სასწავლებლების კუსდამთავრებულებთან ერთად ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესტონეთის ელჩი საქართველოში ტომას ლუკი და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ ესტონეთის ელჩმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. ოკუპაციის შედეგებსა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში ახალგაზრდების როლზე ერთსაათიანი დისკუსიაც გაიმართა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე