2012-06-27
საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში -„საბერძნეთი-ევროპული იდენტობა-საქართველო“
27 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „საბერძნეთი-ევროპული იდენტობა-საქართველო“ გაიმართა. კონფერენცია საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში გაიმართა.კონფერენცია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა გახსნა, რომელმაც ბერძნულ-ქართულ საგანმანათლებლო პროექტებზე, ინსტიტუტის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ათასწლეულების წინ დაიწყო. მოხარული ვარ, რომ თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ძალიან წარმატებულია და ეს მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმის და საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერის შედეგია. თსუ–ს უამრავი სტუდენტი სწავლობს საბერძნეთში და ევროპაში არსებული ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, ეს დაფინანსება არცერთი ევროთი არ შემცირებულა“-განაცხადა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი სტუდენტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ყველა ეპოქის დიდი ბერძნები;“ გაიმართება გამოფენა „საბერძნეთი ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“ და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ წიგნების გამოფენა, ხოლო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შედგება ექსპოზიცია „ბერძნული ხელნაწერები საქართველოში.“
ღონისძიებას საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კონსტანტინე სეფერთელაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური, საგარეო საქმეთა სამინისროს, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენცია 30 ივნისს, 20.00 საათზე დაიხურება დეფილეთი - „ანტიკური მოდების სამყარო“- მინოსური კრეტადან გვიანანტიკურობამდე.
« იხ. ყველა სიახლე