2015-04-29

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, სწავლის ხელშეწყობის ფონდსა და „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდსა და შპს „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ,  სწავლის ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა მანანა ხარხელმა და “ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა მოაწერეს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორის ინიციატივით შეიქმნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლის ხელშეწყობის ფონდი. უნივერსიტეტში ბევრი  ნიჭიერი, გამორჩეული შესაძლებლობების მქონე სტუდენტი გვყავს, მაგრამ ზოგიერთ სტუდენტს სტატუსის შენარჩუნება უჭირს, რადგან გადახდისუნარიანები ვერ არიან.  დიდი მადლობა „ქართული ლუდის კომპანიას“ ამ ინიციატივის, უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის. ქველმოქმედება ამ სტუდენტების დახმარების ერთ-ერთი მექანიზმია. იმედია, ბიზნესის შემდგომი ნაბიჯები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.“
„მოხარული ვარ, რომ სწავლის ხელშეწყობის ფონდი უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებობს. ვფიქრობ, კარგ საქმეს ვაკეთებთ. „ქართული ლუდის კომპანია“ არის ორგანიზაცია, რომლის მესვეურებმაც იციან სწავლის ფასი. ჩვენი მიზანია ნიჭიერი, ხელმოკლე სტუდენტების დახმარება. იმედია, ახლო მომავალში ფონდის შემოსავლები გაიზრდება,“- აღნიშნა სწავლის ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა მანანა ხარხელმა.
„მადლობა უნივერსიტეტს იმ დიდი წვლილისთვის, რაც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში შეიტანა. ჩემი საუკეთესო წლები უნივერსიტეტს უკავშირდება, ამიტომ არ შეგვეძლო მონაწილეობა არ მიგვეღო ამ პროექტში. ძალიან ბევრ სტუდენტს უჭირს ფინანსურად. მომავალში კიდევ უფრო მეტი სტუდენტის დახმარება შეგვეძლება. ამასთან, წარმატებულ სტუდენტებს ვთავაზობთ ჩვენს კომპანიებში პრაქტიკას. როგორც სტუდენტებს სჭირდებათ დახმარება, ასევე ბიზნესს სჭირდება თანადგომა კვალიფიციური კადრებით.“- განაცხადა  “ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა.
მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება  ახალი თაობების სრულფასოვანი განათლების, აღზრდის ხელშეწყობისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისაკენ.
მემორანდუმის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომპანია   ფონდში, ყოველთვიურად შეიტანს თანხებს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა ფონდის მიერ, დადგენილი წესით, მოხდეს უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება.
კომპანია მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან სტუდენტური პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე და უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკა, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის ფარგლებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე