ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-07-11

გამოშვება 2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი 2013 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ში 11 ივლისს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება  თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ფაკულტეტების დეკანებმა მიულოცეს.  „თქვენ უკვე წარმატებული ადამიანები ხართ, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ. საკუთარი შრომით მიაღწიეთ ამ შედეგს, რაც მომავალი პროფესიული წინსვლის საფუძველია. თქვენი სახით ქვეყანამ ძალიან კარგი მომავალი თაობა შეიძინა. მთავარია, არ დაგავიწყდეთ უნივერსიტეტი თქვენი ყოველი წარმატების დროს!“- განაცხადა  ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ღონისძიებაზე თსუ მედიცინის ფაკულტეტის 62-მა კურსდამთავრებულმა „ექიმის ფიცი“ დადო. თსუ ბაკალავრიატის 17 წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ცერემონიას აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის „თსუ არტის“ და მარიკო ებრალიძის კონცერტი გაიმართა.
თსუ  6 ფაკულტეტზე  201 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება და 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.2013-2014 სასწავლო წელს თსუ 4670 პირველკურსელს მიიღებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე