ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში მოღვაწე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. თანამშრომლობის მემორანდუმს შემოუერთდნენ დარგის განვითარებით დაინტერესებული არასამთავარობო და სამთავრობო ორგანიზაციები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა
ზურაბ ჩეკურაშვილმა, ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯომარემ
დერეკ პიკაპიმ და 17 ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელმა.
მემორანდუმის თანახმად, იგეგმება საქართველოში ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე, ინოვაციური სასწავალო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მათ შორის კვების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და აგრობიოტექნოლოგიების მიმართულებით.
„ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის კავშირს ინდუსტრიასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რადგანაც ეს არის ორმხრივი კომუნიკაცია, შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სტუდენტების დახელოვნება მოხდეს ინდუსტრიულ საწარმოებში. რაც მთავარია, მემორანდუმში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაც ამ პროექტის სახელმწიფო მხარდაჭერას გულისხმობს და მის წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ხელმომწერი იყო 20 ორგანიზაცია, ეს ნიშნავს საკმაოდ ფართო თანამშრომლობას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. იხსნება ახალი ფურცელი, ახალი შესაძლებლობები უნივერსიტეტისა და ბიზნეს სექტორის დაახლოებისთვის,“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
„მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის თანამშრომლობას როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე ბიზნეს ინდუსტრიასთან, კერძოდ, ის ეხება ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას, მათ სწავლებას და შემდეგ ინდუსტრიაში დასაქმებას. ბიოლოგიური მეცნიერებები ძალიან მნიშვვნელოვანი მიმართულებაა და სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან დაინტერესებულია ასეთი კადრებით. ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს სტაჟირებები, 12 სტუდენტი უკვე დასაქმებულია სააგენტოში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება,“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა
ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯომარის
დერეკ პიკაპის თქმით,
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბრისტოლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოიფო უნივერსიტეტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი უნივერიტეტები ერთობლივად იმუშავებენ. მოხარული ვართ, რომ ხელი მოვაწერეთ და ჩართულები ვართ ტემპუსის ამ პროგრამაში.“
მემორანდუმის ფარგლებში ხელის მომწერი მხარეები თანხმდებიან კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე ახალი სასწავლო კურსების/მოდულების/პროგრამების შემუშავებას, დანერგვას, განხორციელებასა და პოპულარიზაციას; დასაქმების ბაზარზე სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის გაღრმავებას; სტუდენტების საწარმოო/პროფესიული პრაქტიკის გავლას, სადიპლომო ნაშრომის შესრულებას ინდუსტრიის ბაზაზე; სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ ჩართვას სხვადასხვა სამეცნიერო/გამოყენებითი/ განვითარების პროექტებში; წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერას წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზების გზით; ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას.
აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2007-2013 წლებში ევროკავშირის „ტემპუსის“ პროგრამით განხორციელებული პროექტების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (ქ.ბრისტოლი, პროექტის კოორდინატორი), ალიკანტეს უნივერსიტეტისა (პროექტის კოორდინატორი) და საქართველოსა და სომხეთის სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით.