ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-08-12

აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ომის წლისთავზე   მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში 11 აგვისტოს ღონისძიებების ციკლი განხორციელდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე სტუდენტებმა გარდაცვლილთა საფლავები გვირგვინით შეამკეს, ხოლო შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს და გმირების სულის მოსახსენებლად სანთლები დაანთეს. დღის ბოლოს ვარდების მოედანი გადაიკეტა და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების 500–მდე სტუდენტი ცის მანათობლების აქციას შეუერთდა. საქართველოს რუკისა და დროშის ფონზე, რომელიც სტუდენტებმა თავად მოხატეს, მონაწილეებმა  გარდაცვლილი გმირების სახელობითი მანათობლები ცაში გაუშვეს.

„ჩვენ გვახსოვს სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირები. სტუდენტები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მათდამი პატივისცემას და მათი სახელის უკვდავსაყოფად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს ვმართავთ. ცაში გაშვებული მანათობლები სიმბოლოა მათი გმირობისა, რომელსაც ახალგაზრდები არასოდეს დავივიწყებთ“, – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ.

მანათობლების აქციის დაწყებამდე 10 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის პრეზიდენტებმა სტუდენტებს განცხადებით მიმართეს და 11 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.






თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე