2014-04-04

„საჯარო მმართველობა" - დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთო სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა" დიპლომები 17 კურსდამთავრებულს გადაეცა. საზეიმო ღონისძიებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი გიორგი ხუბუა, შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი, თსუ საპატიო პროფესორი კარლ პიტერ ზომერმანი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის განცხადებით, „მინდა მივულოცო ყველა სტუდენტს პროგრამის წარმატებით დასრულება. ეს საქართველოში აკრედიტებული ორწლიანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაა. ჩვენ განაცხადი გვაქვს წარდგენილი ერთ-ერთ საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციაში იმისათვის, რომ წლის ბოლოს მოვიპოვოთ საერთაშორისო აკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ეს ისედაც წარმატებული პროგრამა კიდევ უფრო წარმატებული გახდება იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამა გვექნება. ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოს განათლების სისტემაში.“
„უკვე 3 წლის შემდეგ რაც ეს პროექტი მიმდინარეობს, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელსაც ექნება ასევე ძალიან წარმატებული გაგრძელება. ინტერესი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან არის დიდი. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს და უნივერსიტეტის მხრიდან. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი გერმანული პარტნიორი უნივერსიტეტი. შპაიერის სახელმწიფო მმართველობის უნივერსიტეტი გახლავთ ლიდერი უნივერსიტეტი ევროპაში ადმინისტრაციული სამართლის სწავლების კუთხით,“- აღნიშნა  ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აკადემიურმა დირექტორმა გიორგი ხუბუამ.
„შპაიერის უნივერსიტეტსა და თსუ-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“  2009 წლიდან მოქმედებს. ამით ხელს ვუწყობთ საქართველოში საჯარო მმართველობით დაინტერესებული სტუდენტების ინტერესისა და ცოდნის გაღრმავებას,“- განაცხადა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრმა, თსუ საპატიო პროფესორმა კარლ პიტერ ზომერმანმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე