2010-07-06

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის

6 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტუდენტთა პროფესიული დაოსტატებისა და განვითარების საქმეში თსუ-ის სტუდენტები სასამართლო ექსპერტიზის კლინიკას ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაივლიან. "ექსპერტიზის ბიურო ერთადერთი თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელიც  საერთაშორისო მოთხოვნების აღჭურვილობითა და მეთოდოლოგიით მუშაობს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა სპეციალობისა და კვალიფიკაციის სტუდენტებს აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაში. ჩვენთან გავლილი პრაქტიკა ხელს შეუწყობს სწორი და კვალიფიციური განათლების მიღებას და პროფესიონალი ექსპერტის ჩამოყალიბებას. თავის მხრივ, ექსპერტიზის ბიუროში პრაქტიკა თსუ-ის სტუდენტებს კრედიტებში ჩაეთვლებათ"_ აღნიშნა გიორგი ხიზანიშვილმა. თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობის პერსპექტივა საკმაოდ საინტერესოდ მიიჩნია. "ექსპერტიზის ბიუროში უფრო კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა, ვიდრე დასაქმების. სამწუხაროდ, ქვეყანაში ტექნიკური მიმართულების სპეციალისტების დეფიციტია. ამ მემორანდუმის საშუალებით თსუ-ის ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, ფიზიკოსებსა და სხვა ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემდგომი დასაქმების პრობლემა არ შეექმნებათ. ამავე დროს, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას და დეფიციტურ მიმართულებებზე სტუდენტების მოზიდვას." მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე ექსპერტიზიც ბიუროს წარმომადგენლები კვლავ ესტუმრებიან თსუ-ს და სტუდენტებისთვის საკუთარი სამსახურისა და ამ სამსახურში სტუდენტთა პერსპექტივების პრეზენტაციას მოაწყობენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე