2015-04-17

შპს „ჯინო პარკი“ სტუდენტურ პროექტებს დააფინანსებს

17 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ჯინო პარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და შპს “ჯინო პარკის“ ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც მიმართულია ახალი თაობების სრულფასოვანი განათლებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისკენ. კომპანია ასევე მზადაა უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტები სამუშაო პრაქტიკით, საუკეთესო სტუდენტებს კი შესთავაზოს დასაქმება.
თსუ-სა და შპს „ჯინო პარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე თსუ სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები კომპანიისგან დაბადების დღეზე საჩუქრად უფასო მომსახურებას მიიღებენ.
„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი შეთანხმება კერძო კომპანიებთან, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს ჩაერთონ მათ საქმიანობაში,  აქტიური მონაწილეობა მიიღონ „ჯინო პარკის“ განვითარებაში. ძალიან საინტერესო იდეები წამოვიდა კომპანიისგან და ეს მემორანდუმი იძლევა ბევრ შესაძლებლობას როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისთვის“, - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„საინტერესო ხელშეკრულება გაფორმდა უნივერსიტეტსა და „ჯინო პარკს“ შორის, ბევრ საინტერესო იდეას დაედო საფუძველი სტუდენტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. რაც ყველაზე საამაყოა, უნივერსიტეტმა გამოთქვა ინტერესი, სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოქალაქის გაშენებაში. ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. იმედია, გვექნება სახელმწიფოს მხარდაჭერა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ თსუ სტუდენტები“, - აღნიშნა შპს „ჯინო პარკის“ ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ.
უახლოეს პერიოდში განხორციელდება პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ყველაზე კრეატიული პროექტებისთვის ფულად ჯილდოს ითვალისწინებს. ამასთან, პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს საკუთარი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.
ღონისძიებას კომპანიის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.  

Print

« იხ. ყველა სიახლე