2017-03-23

სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. საჯარო სექტორში სტაჟირების საპილოტე პროგრამას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან თანამშრომლობით იწყებს, რომელიც „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ 1+4 მონაწილე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. სახელმწიფო მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სტაჟიორებს სპეციალური კომისია შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს.

Print

« იხ. ყველა სიახლე