ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-22

ჰაინერ ალვარტს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ჰაინერ ალვარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ცერემონიას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოადგილე ჰაიკე გაბრიელი, თსუ-ს  და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.
 თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „პროფესორი ჰაინერ ალვარტი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა  საქართველოსთან და ჩვენს უნივერსიტეტთან, მან ბევრი დოქტორანტი და მაგისტრანტი აღზარდა და მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება  მისი წვლილის დაფასებაა. ჩვენ იენის უნივერსიტეტთან, ისევე როგორც გერმანიის სხვა ბევრ უნივერსიტეტთან,  საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს და სწორედ  პროფესორ  ალვარტის მსგავსი ხალხი გვეხმარება  ამ ურთიერთობების ასე კარგად აწყობაში“.
“საპატიო დოქტორის მინიჭება ალბათ პასუხია იმ დამსახურებაზე, რომელიც თსუ-ს წინაშე მიმიძღვის. ამ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში რამდენიმე სამეცნიერო პროექტი განვახორციელე. არაერთმა ქართველმა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა იენის უნივერსიტეტში. მომავალში სხვადასხვა ფონდებიდან ქართველი სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევების  დაფინანსების მოპოვებას ვეცდები“-აღნიშნა დოქტორმა ჰაინერ ალვარტმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების  ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში   დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენცია და სისხლის სამართლის სამეცნიერო სიმპოზიუმის კრებულის პრეზენტაცია; ასევე ოფიციალურად გაიხსნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე