2011-03-01

თსუ-ის რექტორის ვიზიტი ევროპაში

17-25 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი სამუშაო ვიზიტით ევროპის რამდენიმე უმაღლეს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებას ეწვია.

ვიზიტის პირველი ნაწილი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას და სამომავლო თანამშრომლობის დეტალების განხილვას დაეთმო. „უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტთან შეხვედრისას დაიგეგმა საზაფხულო სკოლის შექმნა მიწის მენეჯმენტის კუთხით, რომელიც მომავალ ეკოლოგებს და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს დააინტერესებს. გარდა ამისა, გერმანული მხარე თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტს სამედიცინო სიახლეებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება, რაც ევროპული ტიპის განათლების მისაღებად აუცილებელია“, – აღნიშნა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრები იენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც გამართა. ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი 1558 წელს დაარსდა და ერთ–ერთი უძველესია ევროპაში. ვიზიტისას თსუ–ის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაც დაიგეგმა, რომლის კურსდამთავრებულები ორმაგ დიპლომს მიიღებენ. „იენის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს.  სასწავლებლის ბაზაზე შექმნილია ძლიერი კავკასოლოგიის ცენტრი, რომლის  განახლებაც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სპეციალისტებით იგეგმება“, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

თსუ-ის რექტორის თეორიული ფიზიკის ტრიესტრის საერთაშორისო ცენტრში ვიზიტისას საუბარი ერთობლივ რეგიონულ კონფერენციას შეეხო, რომელიც შეთანხმების მიხედვით შემოდგომაზე გაიმართება. კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ფიზიკოსები და თეორეტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან. ტრიესტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინიციატივით იგეგმება თბილისში რეგიონული სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც სხვადასხვა პროექტის განხორციელების და უცხოელი მკვლევარების მოზიდვის წინაპირობაა.

ვიზიტის დასასრულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრს (CERN)  ეწვივნენ. „კიდევ ერთი ნაბიჯით გვსურს დავუახლოვდეთ ამ ორგანიზაციას. მომავალი წლიდან წარჩინებულ სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მივავლენთ, ასევე ჩვენი მკვლევარები ჩაერთვებიან გარკვეულ ექსპერიმენტებში“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა. ცერნში ამ დროისათვის მუშაობა დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარეობს, რომელშიც სხვადსხვა პრესტიჟული უნივერსიტეტის სახელით 30 ქართველი მეცნიერი მუშაობს. მათი უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

საერთო შეფასებით ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაირა. „აუცილებელია არსებული კონტაქტების გაღრმავება და გაუმჯობესება, ამასთანავე ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორების მომზადება, რათა მათ შეძლონ აღნიშნული კონტაქტების სათანადო გამოყენება“, – განაცხადა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე