ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-01-12

თანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიასთან

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს   ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურ კვლევებში სანდო სამეცნიერო პარტნიორობის განვითარება,  საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა  წარმოადგენს. თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „რეფერალური ლაბორატორია საერთასორისო სტანდარტების უმაღლესი დონის ლაბორატორიაა, რომელსაც უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის გამოიყენებს. თსუ სტუდენტობა და პროფესურა აქტიურად ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევებში, რაც ნებისმიერი სასწავლო დაწესებულებისთვის აუცილებელია.“ ლაბორატორიის დირექტორმა ანა ჟვანიამ აღნიშნა, რომ „რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. აქ ისეთი კვლევები წარმოებს, რომელიც ჩვენს ახლომახლო ქვეყნებში ვერ ხერხდება. ასეთი სამუშაოები აუცილებლად წარმატებას მოუტანს საქართველოს.“  მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ და განავითარებენ წინადადებებს კვლევებსა და სასწავლო პროგრამებზე; მოახდენენ ინტელექტუალური, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მობილიზებას, ერთობლივად იმუშავებენ დონორებთან წარსადგენ ერთობლივ პროექტებზე.  მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური  რეფერალური ლაბორატორიის დირექტორმა ანა ჟვანიამ მოაწერეს.





Print

« იხ. ყველა სიახლე