2019-09-30
თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ტრენინგი ტერამოს უნივერსიტეტში
თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტები ნათია მახარაშვილი და გიორგი ლუხავა მონაწილეობას იღებენ ტრენინგში, რომელსაც მასპინძლობს ტერამოს უნივერსიტეტის ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი. ტრენინგი ტარდება ერასმუს პლუსის საერთაშორისო პროექტის "აღმოსავლეთ ევროპაში აგრობი-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab" ფარგლებში. თსუ-ს სტუდენტებთან ერთად სასწავლო კურსს გადიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ხოლო ტრენინგებს ატარებენ ტერამოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე მომავალი მეცნიერებისა და პროფესიონალების თეორიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლას.
ინტენსიური ერთთვიანი კურსი ბიოტექნოლოგიის სფეროს თემატიკის ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: საკვები პროდუქტების უვნებლობისა და ხარისხობრივი პარამეტრების განსაზღვრა და მათი ფიზიკო-ქიმიური და ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა, ცოცხალი უჯრედების ფიზიოლოგური პარამეტრების შესწავლა თანამედროვე აპლიკაციების გამოყენებით და სხვა. სტუდენტები გაირღმავებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ექსპერიმენტის დაგეგმვასა და დიზაინი, ანალიტიკურ მეთოდები და ინსტრუმენტები, ნიმუშების აღება და ანალიზი, მონაცემების აღება და შედეგების ინტეპრეტაცია.
ტერამოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება თსუ-ს სტუდენტებს წარმატებით გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე და მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის.
« იხ. ყველა სიახლე