ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-11-15

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის

14 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით „უნივერსიტეტს  ეროვნულ არქივთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მემორანდუმი ამ მრავალწლიანი ურთიერთობის ფორმალური დაგვირგვინებაა. იმედია, ასეთი სახის თანამშრომლობის გაფორმება არქივში დაცული დოკუმენტების შესწავლა-კვლევის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.“
ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა თსუ-ს ბიბლიოთეკას არქივის მიერ გამოცემული სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების კორპუსი „ერეკლე II-ის მიერ გამოცემული საბუთები“ საჩუქრად გადასცა. „ეროვნულ არქივში მრავალი და სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტი ინახება, რომელიც ძალიან დააინტერესებს სტუდენტებს. გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს თსუ სტუდენტებსა და მკვლევარებს ამ დოკუმენტებზე სამეცნიერო მუშაობაში.“-აღნიშნა თეონა იაშვილმა. არქივის ხელმძღვანელი მიესალმა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის ინიციატივას ეროვნულ არქივში იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბების შესახებ. მხარეთა შეთანხმებით იურიდიული კლინიკა სამართლის ისტორიის მაგისტრანტებს სამაგისტრო ნაშრომის შესრულებაში დაეხმარება.
ამასთან, მემორანდუმის მიზანია ეროვნული არქივის საქმიანობის შესახებ თსუ სტუდენტების ინფორმირება, მხარეთა მიერ ერთობლივი პროექტების მომზადება-განხორციელება და ინსტიტუციური მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, ეროვნულ არქივში სტუდენტური ჯგუფების კვლევითი მივლინებების ორგანიზება, ერთობლივად მომზადებული სამეცნიერო მასალის გამოქვეყნება თსუ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალში“.
Print

« იხ. ყველა სიახლე