2013-12-12

შალვა ნუცუბიძის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ფილოსოფოსის, თსუ-ს დამაარსებლის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო.
თსუ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის პანთეონში გვირგვინით შეამკეს შალვა ნუცუბიძის საფლავი.  შალვა ნუცუბიძის მემკვიდრეებმა მეცნიერის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი გადასცეს თსუ ბიბლიოთეკას - იმ ბიბლიოთეკას, რომელსაც 1931-1935 წლებში თავად შალვა ნუცუბიძე ხელმძღვანელობდა.   
თსუ რექტორის პირველი მოადგილის ლევან ალექსიძის განცხადებით, „თსუ ბუმბერაზი მეცნიერის, ორატორის და პედაგოგის, დიდი მეცნიერისა და დიდი ადამიანის პროფესორ შალვა ნუცუბიძის იუბილეს აღნიშნავს. მისი ბიოგრაფიის გაცნობისას გაიგებთ, თუ რამდენი გასაჭირი გადაიტანა ნუცუბიძემ. ის მსოფლიო ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფილოსოფოსი. ახალგაზრდობამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს შალვა ნუცუბიძისგან.“
„შალვა ნუცუბიძე არც სიცოცხლეში და არც შემდგომ ყოფილა განებივრებული იუბილეებით. ის არ იყო არც კომპარტიის წევრი და არც ხელისუფლების მეხოტბე. ის დევნილი მეცნიერი იყო. უნივერსიტეტის ეზოში მისი დაკრძალვაც კი დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დიდი მადლობა თსუ-ს, რომ ასე აფასებს მის ერთ-ერთ დამაარსებელს. მნიშვნელოვანია, რომ იუბილეზე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები მონაწილეობენ. “- აღნიშნა შალვა ნუცუბიძის შვილმა თამარ ნუცუბიძემ.
თბილისის ვიცე-მერის სევდია უგრეხელიძის თქმით, „შალვა ნუცუბიძე ქართველი ერისთვის ისეთი საგანძურია, რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს. მან საბჭოთა პერიოდშიც კი მოახერხა და თავისი სამეცნიერო პროდუქტი ცნობილი და აღიარებული გახადა. მნიშვნელოვანია, რომ არ ვივიწყებთ ასეთ ადამიანებს და პატივს მივაგებთ მათ.“
ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა შალვა ნუცუბიძისადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია შალვა ნუცუბიძის პირადი ნივთები. მათ შორის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მიერ ნაჩუქარი ბიბლია წარწერით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორეს მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ჭურჭელი და შანდალი; კოვზი და შანდალი, რომლითაც ნუცუბიძე გადასახლებაში სარგებლობდა; სტალინის მიერ ჩასწორებული „ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი რუსულ ენაზე;  „ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი ავტორის წარწერით; ხელნაწერები,  წერილები, წიგნები და სხვა ნივთები. გამოფენა ერთ კვირას გასტანს.
ღონისძიების ბოლოს გაიხსნა საიუბილეო სხდომა და კონფერენცია, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები.



Print

« იხ. ყველა სიახლე