2014-07-18

„ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში (სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები)“

„ცვლილებები  და  განვითარების  თანამედროვე  ტენდენციები  ქართულ  სისხლის  სამართალში (სისხლისსამართლებრივი  და  კრიმინოლოგიური  ასპექტები)“ - ამ თემას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა, თსუ აკადემიური წრეების, საქართველოს იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ.
კონფერენციაზე განიხილება კრიმინალისტიკის სხვადასხვა მიმართულების საკითხები: მატერიალური სისხლის სამართალი: დანაშაული   არასრულწლოვანთა სისხლის სამართალი (სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის საკითხები); ცვლილებები სისხლის სამართალში: სასჯელი; (მატერიალურ სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის საკითხები)  სისხლის სამართლის მეთოდოლოგია და კერძო ნაწილი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ქართულ სისხლის სამართლებრივ სკოლას მდიდარი ტრადიცია აქვს. ამ მხრივ, ყოველთვის გამორჩეული იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტი. ამ სახის საერთაშორისო კონფერენციის თსუ-ში ჩატარებაც გარკვეული კანონზომიერებაა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა საინტერესო, წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.“
„კონფერენციაზე განსახილველი საკითხები თეორიასთან ერთად პრაქტიკასთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რომ განვიხილავთ არა მარტო ქართულ სისხლის სამართალთან დაკავშირებულ, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსაც. საერთაშორისო ტენდენციები, კონვენციები, გლობალიზაციის პროცესი გვავალდებულებს და მიზანშეწონილიცაა, რომ გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და განვსაზღვროთ, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში. დანაშაული დიდი ხანია გასცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს, ამიტომ ძალიან ბევრია მოვლენა, რომელიც საერთაშორისო სამართლით რეგულირდება,“- აღნიშნა თსუ კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ემერიტუს პროფესორმა მზია ლეკვეიშვილმა.
ღონისძიება  თსუ  იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და  ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და ორ დღეს გასტანს.



Print

« იხ. ყველა სიახლე