ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-02-23

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

          ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ამ დღესთან დაკავშირებით 25 თებერვალს 11:00 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის  ეზოში მდებარე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში ოკუპაციის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
          12:00 საათზე სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის ძეგლს გვირგვინით შეამკობენ. სტუდენტური ანსამბლი იოსებ გრიშაშვილის ლექსზე “სიზმრად ვნახე საქართველო” შექმნილ სიმღერას შეასრულებს. 1921 წლის 23 თებერვალს უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტობას ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა: “შვილებო, ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ”.
          ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ფოიეში დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) ისტორიის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება.
          საქართველოს პირველი, დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია 1921 წლის 25 თებერვალს განხორციელდა. ამ დღეს მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ და მოხალისეთა რაზმებსა და ქართველ იუნკერებს სასტიკად გაუსწორდნენ.
          1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთისკენ, თბილისისკენ დაიძრნენ.
          19-20 თებერვალს სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა, წითლებმა მას გვერდი აუარეს და შეტევა განაგრძეს.
         24 თებერვალს ნოე ჟორდანიას მთავრობა ქუთაისში გადავიდა. ტაბახმელის დაცვას იუნკერები განაგრძობდნენ, რომლებიც იმ დროისათვის 90-ნი დარჩნენ. ქართულმა ძალებმა უკან დახევის შესახებ ბრძანება მიიღეს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით თბილისის დაცემა გადაწყდა.
          25 თებერვალს მე-11 არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ქალაქში ქართული რევოლუციური კომიტეტი ჩამოვიდა, რომელიც იმავე დღეს სახალხო კომისრების საბჭოდ გადაკეთდა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე