2015-05-21

თანამშრომლობის მემორანდუმი ქალთა საინფორმაციო ცენტრთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ორგანიზაციის დირექტორმა  ელენე რუსეცკაიამ მოაწერეს.
„გენდერული პრობლემები დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია, რომელზეც ფოკუსირებულია როგორც კვლევითი დაწესებულებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ-სა და ქალთა საინფორმაციო ცენტრს შორის მჭიდრო ურთიერთობას, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებს უფრო ღრმად ჩაიხედონ იმ პრობლემებში, რომელიც გენდერთან არის დაკავშირებული, თავის მხრივ მემორანდუმის პირობები ქალთა საინფორმაციო ცენტრისთვისაც საინტერესოა - რა კვლევით რესურსს შევთავაზებთ ჩვენ მათ“,- განაცხადა თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ქალთა უფლებებზე მუშაობს და მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აუდიტორია იმისთვის, რომ ქალთა მოძრაობა გაძლიერდეს ქვეყანაში, არის მუშაობა სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან. ამიტომ, დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და მოხარულები ვართ, რომ დღეს შესაძლებლობა გვეძლევა გავაფორმოთ მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ასევე ჩავატაროთ პირველი ლექცია, რომელიც მიეძღვნება საკმაოდ აქტუალურ თემას - ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას“, - აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ.
მემორანდუმის ფარგლებში გენდერის თემაზე სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები და გასვლითი ტრენინგები გაიმართება.  ტრენინგებზე შეირჩევა რამდენიმე აქტიური სტუდენტი, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებპორტალზე დასაქმდებიან და ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.  ორგანიზაცია ასევე გეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას და ამ პროცესში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვას.
„ეს მემორანდუმი არის ძალიან კარგი საშუალება უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომ პირველ რიგში მიიღონ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია გენდერის კუთხით, ასევე მომავალში გაიარონ ძალიან საინტერესო ტრენინგები. გარდა ამისა, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ამ ორგანიზაციაში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც იშვიათი შემთხვევაა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროგრამა სტუდენტებისთვის იქნება ძალიან სასარგებლო და ინფორმაციული“,- განაცხადა თსუ სტუდენტმა მარი გელაშვილმა.
თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა".
ქალთა საინფორმაციო ცენტრი 15 წლის წინ დაარსდა და ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა უფლებების და გენდერის მხრივ სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ინსტიტუციური მექანიზმი და სხვა.  

Print

« იხ. ყველა სიახლე