ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-11

პროექტი ,,მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა“

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური აქცია ,,მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა“ და კონკურსი ქართულ ენაში მომზადების პროგრამის (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის. 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აზერბაიჯანულენოვანმა და სომხურენოვანმა სტუდენტებმა. მათ კარნახზე თანამედროვე ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი მცირე ზომის ნაწარმოები „კურკა“ წერეს. ღონისძიებაში თსუ-ს გარდა საქართველოს კიდევ 9 უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

თსუ ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის კახა გაბუნიას თქმით, კონკურსმა და სტუდენტურმა აქციამ 1+4 პროგრამის სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია: ,,ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დიდი პროექტი, რომელიც 2020 წლამდე გრძელდება და მისი მთავარი მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები ჩავრთოთ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში“.

,,მიხარია პროექტში მონაწილეობის მიღება. ამით ჩვენ ცოდნას უფრო გავაღრმავებთ. მე ვარ ეთნიკურად სომეხი და მნიშვნელოვანია ქართული ენის შესწავლა, რადგან საქართველოში ვცხოვრობ“,- განაცხადა თსუ სტუდენტმა მარგარიტა ნახაპეტიანმა

„პროექტის იდეა დაიბადა ორი წლის წინ, ვილნიუსის უნივერსიტეტში, სადაც წელიწადში ერთხელ, ენის კვირეულის ფარგლებში იმართება სახალხო დღესასწაული და ტარდება ეროვნული კარნახი. გადავწყვიტეთ, ჩვენც მოგვეწყო მსგავსი ღონისძიება, რომელშიც, თსუ-სთან ერთად, ჩავრთეთ სხვა უნივერსიტეტებიც. პროექტისადმი ინტერესი და გამოხმაურება ძალიან დიდია,“
- განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ.

1+4 პროგრამის სტუდენტებმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე მოქალაქეებს გადასცეს სამკერდე ნიშნები წარწერით ,,მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა“ და ისაუბრეს სახელმწიფო ენის სწავლისა და გამართულად საუბრის მნიშვნელობაზე. აქციაში ჩაერთნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები.

Print

« იხ. ყველა სიახლე