2015-10-02

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია გამართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუდენტებს შეხვდა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„საქართველოს უნივერსიტეტებში, იქ სადაც სტუდენტებს აქვთ დიდი ინტერესი, გვინდა წარვადგინოთ საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ევროპულ გზაზე სიარული და რეფორმები არა მხოლოდ ევროპაში  ინტეგრაციაში გვეხმარება, არამედ ეს რეფორმები, პირველ რიგში,  ქვეყნისთვის არის კარგი. ეს კოდექსი ბავშვის ინტერესზეა მორგებული და რეალურად არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გაეროს ბავშვთა კონვენციის შესაბამის ქვეყნად აქცევს, სადაც ბავშვის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში იქნება დაცული“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
პროექტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა და მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებისა და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმს, რომელიც ევროპული სტანდარტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესაბამისია.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღიაა საჯარო შეხვედრებისთვის. იუსტუციის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს უნივერსიტეტთან. დღესაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო სტუდენტებს თავად იუსტიციის მინისტრმა, რაც ვფიქრობ ჩვენი ახალგაზრდებისთვის, პროფესორებისთვის იქნება ძალიან საინტერესო. სამთავრობო ინიციატივებთან დაკავშირებით ასეთ შეხვედრებს  უნივერსიტეტი ყოველთვის მიესალმება“- აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მინისტრისთვის და გამოეთქვათ საკუთარი აზრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ სისტემასთან დაკავშირებით.
თსუ სტუდენტის სესილი თადარიას თქმით, „ეს არის ინოვაციური პროექტი, საქართველოში ასეთი ტიპის კოდექსი არასდროს ყოფილა. მის ანალოგს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების არასრულწლოვანთა კოდექსი, ის შექმნილია სასჯელის ლიბერალიზაციის მიზნით და ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, არასრულწლოვანებთან მიდგომა უნდა იყოს განსხვავებული“.
მინისტრთან შეხვედრამდე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში განთავსდა ციხის პაემნების ოთახის იდენტური ოთახი, რომელშიც დამონტაჟებული იყო კამერა და კამერის პირისპირ  სტუდენტებმა მიმართეს არასრულწლოვან დამნაშავეებს.



















Print

« იხ. ყველა სიახლე