შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ანტინარკოტიკული, კერძოდ, ბიონარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ მიმართული კამპანია გააცნო შს მინისტრმა
ალექსანდრე ჭიკაიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
შეხვედრაზე მინისტრმა იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელსაც შსს ნარკოტიკების წინააღმდეგ აწარმოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც 95 პროცენტით შეამცირა ე.წ. “კრაკადილის“ მოხმარება საქართველოში. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ბიონარკოტიკებთან მიმართებაში ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ნაკლებად შეეხება მომხმარებლებს - ძირითადი აქცენტი მომწოდებლებსა და რეალიზატორებზე გაკეთდება. ალექსანდრე ჭიკაიძემ შეხვედრაზე მისულ სტუდენტებს მიმართა:
„გთხოვთ, მოგვაწოდოთ იდეები, ინიციატივები, თუ როგორ ხედავთ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას, რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ პრობლემის მოსაგვარებლად.“
თსუ სტუდენტებმა რამდენიმე იდეა მიაწოდეს შს მინისტრს. მათ შორის ძირითადი აქცენტი პრევენციული ზომების გატარებაზე გაკეთდა. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლებში, უნივერსიტეტებში, კოლეჯებში უნდა იკითხებოდეს კონკრეტული კურსები; უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა - ყურადღება მიექცეს ახალგაზრდების დასაქმებას, განათლებას; აუცილებელია სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა; თუმცა, მათ შექმნამდე ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში შედეგიანი იქნებოდა ეკლესია-მონასტრების ჩართვა; მიზანშეწონილია საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში სამეცნიერო წრეების აზრის გათვალისწინება; ხელი უნდა შეეწყოს ანტინარკოტიკულ კამპანიაში არასამთავრობო სექტორის გააქტიურებას და სხვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ლევან ალექსიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში შს მინისტრის ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა. „
სტუდენტებმა გამოიჩინეს პრობლემის ძალიან კარგი ცოდნა. შეხვედრა მთელი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ბევრ საკითხთან დაკავშირებით დავრწმუნდით, რომ უნდა დავფიქრდეთ, მხოლოდ დაშინებით ვერაფერს გავხდებით ამ საშინელ სენთან ბრძოლაში. უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი სამინისტროს და მინისტრს, რომელიც არ გაურბოდა შეკითხვებს, ყველა კითხვას გასცა ჯეროვანი პასუხი,“-აღნიშნა
ლევან ალექსიძემ.