ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "თაობა L"-ის პრეზენტაცია ჩატარდა. პროექტი დათო ტურაშვილის საჯარო ლექციით "წიგნიერების მნიშვნელობა ახალგაზრდებში" გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, “პალიტრა L”-ის მარკეტინგის მენეჯერი სოფო საყევარიშვილი, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„ამ კონკურსის ჩატარების იდეა სტუდენტებისგან მოდის და მით უფრო საინტერესოა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებში გაჩნდეს წიგნის კითხვის სურვილი და ინტერესი. მართლია, ამ კონკურსში გამარჯვებული იქნება ერთი, მაგრამ არც ერთი დამარცხებული არ იქნება.“
„ყველას ინტერესია ვიყოთ წიგნიერები. ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი მკითხველი. ახალგაზრდებისგან მივიღეთ რჩევა და განვახორციელეთ წარმატებული პროექტი,“- აღნიშნა “პალიტრა L”-ის მარკეტინგის მენეჯერმა
სოფო საყევარიშვილმა.
„საქართველოში არსებობს არასწორი წარმოდგენა წიგნის კითხვასთან დაკავშირებით. საქართველოში, რატომღაც, წიგნის კითხვა ასაკობრივ მოვლენად ითვლება. წიგნის კითხვა არასდროს არის საკმარისი; კითხვა ისეთი სიამოვნებაა, რომელიც მანამდე გრძელდება, ვიდრე ცოცხალი ხარ,“- აღნიშნა
დათო ტურაშვილმა.
პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს. კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია წიგნის დღეს - 23 აპრილს დაიწყება.
კონკურსი ტრადიციულია და უნივერსიტეტის მასშტაბით უკვე მეორედ ტარდება. 2014 წელს კონკურსში 400 სტუდენტი მონაწილეობდა. თითოეულ ეტაპზე გამოვლენილ ლიდერებს გადაეცათ თსუ-სა და “პალიტრა L”-ის საჩუქრები. შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ანანო ასპანიძე გახდა.