ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა მასწავლებელთა I კონფერენციას
„უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გახსნა.
კონფერენციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების და საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მნიშვნელოვანია რომ პროფესორებმა მასწავლებლებთან ერთად იმსჯელონ იმ საკითხებზე, როგორიც არის სწავლება, როგორ უნდა მომზადდეს ახალი თაობა, რა წვლილი უნდა შეიტანოს უნივერსიტეტმა ამ საქმეში. არავინ კამათობს, თუ რამდენად საჭიროა მასწავლებელთა პროფესია, მაგრამ ეს სიტყვიდან საქმეში არ გადაზრდილა. მაღალ პოლიტიკურ დონეზე უნდა იყოს აყვანილი მასწავლებელთა მნიშვნელობა. ვეცდებით ამ პროფესიის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია მიმართულებები, სადაც უნივერსიტეტს შეუძლია თავისი როლი შეასრულოს ისეთ საკითხებში, როგორიც არის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭება და გადამზადების პროგრამაში უნივერსიტეტის ჩართულობა. გადამზადების ცენტრები უნივერსიტეტთან უნდა იყოს და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ“, - განაცხადა თსუ რექტორმა
ვლადიმერ პაპავამ.
კონფერენციის მიზანია უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებისას განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.
კონფერენცია ორდღიანია და 30 ნოემბერს დასრულდება.